logo
ENG



ოპოზიცია მანდატებზე უარის თქმას განიხილავს - პარტიები "ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბნენ

01 ნოე 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა. ისინი სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. განიხილება მანდატებზე უარის თქმის საკითხი. 

პარტიის ოფისში ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკის პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ, ასევე აქ არიან ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ისინი იმსჯელებენ მანდატებზე უარის თქმის საკითხზე, ვინაიდან მისი განმარტებით, არსებულ ვითარებას და ცესკოს დადებულ შედეგებს შორის განსხვავება "არაადეკვატურია".

"შეუძლებელია, ასეთი ტიპის ძალადობის, მოსყიდვის, დაშინების შემდეგ შეუძლებელია, გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ, როგორ ითვისებს ივანიშვილი ქვეყანას". - თქვა მან. 

იმავე აზრზეა ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავაც

"ამგვარი არჩევნების აღიარება და მისთვის ლეგიტიმურობის აღიარება არის სრულიად გაუმართლებელი. ასე რომ, ამ საკითხს დავაყენებთ შეხვედრაზე". - თქვა მან. 

ენმ-ის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ ამომრჩევლებს 16:00 საათზე რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. 

"პროცესი, რომელსაც ჩაეყარა საფუძველს ოლიგარქის მიერ, დასრულდება მისივე დამარცხებით. გუშინ რაც გადავიტანეთ, იყო ომი. შეუძლებელია, ეს ეპატიოს ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს. თავმოყვარე ერი ვართ, ადამიანებს ორლესური მახვილისთვის თავი შეუშვერია და ისე მოუპოვებიათ თავისუფლება და ახლა კობახიძე/მდინარაძეს გონიათ, რომ ამას ვაპატიებთ? ხალხი აპატიებს?" - თქვა მელიამ. 

ლეიბორისტული პარტიის წევრის, გიორგი გუგავას თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები უნდა ჩაითვალოს ბათილად და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. 

"რასაც ისინი ითვლიან, ამას ჰქვია მათემატიკა, ამას არ ჰქვია არჩევნები - ამას ჰქვია ბანდიტიზმი".

არჩევნების შედეგებს არ ცნობს ლელოც. ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ასეთი არჩევნები ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს". 

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გუშინ ჩატარებულ არჩევნებს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. 

"ვერ ჩაითვლება არჩევნები ჩატარებულად, როცა გიენებივით მისეულია ხროვა საარჩევნო უბნებზე, რომელიც ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სხვა სახის ზეწოლას ახდენს. ამას განსაკუთრებით უნდა ვებრძოლოთ. ამიტომ მოვედი აქ, რომ საერთო ოპოზიციური პოზიცია უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში სწორ შედეგზე გავიდეთ". - ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, ისნის ყველა უბანზე გამოვლინდა დარღვევა, გაყალბდა ოქმები. ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდა. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. 


close დახურვა